ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წელს მეტწილად უცვლელი იყო, რამაც ქირის ამონაგები 7.1%-მდე შეამცირა 2025 წელს არსებული 7.7%-დან - აღსანიშნავია, რომ ეს ნიშნული შესადარის ქალაქებს შორის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია | Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2026 წლის 8 თვის მიმოხილვა”-ს აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია სექტორის ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. ,,2026 წლის 8 თვეში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა: გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებამ და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მყიდველების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ, რაც ბაზრის საინვესტიციო
მიმზიდველობასა და დეველოპერების გააქტიურებულ მარკეტინგს ასახავს. ფასმა ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე, მათ შორის სხვაობა გაიზარდა. მეორე მხრივ, ბოლო წლებში საშუალო დღიური ქირის ფასი (ADR) მეტწილად უცვლელი იყო, რამაც ქირის საშუალო შემოსავლიანობა შეამცირა. პირველად ბაზარზე ფასის ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს ფასთა შორის მზარდი სხვაობის, მშენებარე პროექტების დიდი
მოცულობისა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირების ფონზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის 8 თვეში ბათუმში 10,883 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.6%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 11.8%-ით 5,459 ბინამდე გაიზარდა.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 3.6%-ით 5,424 ბინამდე შემცირდა.
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად მნიშვნელოვნად, 30.0%-ით გაიზარდა.
2026 წლის აგვისტოში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,986 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 11.2% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 7.0%-ით გაიზარდა და 1,614 აშშ დოლარი შეადგინა. ბაზრებს შორის არსებული ფასთა სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის ამონაგების ეტაპობრივი
შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს.ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წელს მეტწილად უცვლელი იყო, რამაც ქირის ამონაგები 7.1%-მდე შეამცირა 2025 წელს არსებული
7.7%-დან. აღსანიშნავია, რომ ეს ნიშნული შესადარის ქალაქებს შორის
კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 2026 წლის სექტემბერში, ჩვენ ჩავატარეთ სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 40-ზე
მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს ბათუმში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ს)”, - წერს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
09.11.2026.17:03
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 127.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.32% წინა კვირასთან შედარებით და -3.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 468 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 117.50 - 131.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 48.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.77% წინა კვირასთან შედარებით და - 4.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 497 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.92 - 52.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.16% წინა კვირასთან შედარებით და +3.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 242 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.10 - 48.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.