ბაზრიდან გავიდა 500 მეგავატის მოცულობა და ის „ინვესტორები“, რომლებიც ფურცლებით ვაჭრობდნენ - გიორგი მარგებაძე
ყოველწლიური ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა გვაქვს, ხოლო რაც შეეხება გენერაციას, ახალი სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შეყვანის ნაწილში ცოტას მოვიკოჭლებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი მარგებაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების სწრაფი განვითარება და ექსპლუატაციაში შეყვანა.
„ჩვენი ელექტროენერგიის ყოველწლიური ზრდა დაახლოებით 4%-ს შეადგენს, რაც სადღაც 400-500 მილიონ კილოვატ-საათს უდრის - ეს არის მოცულობა, რომელიც ყოველწლიურად გვემატება მოსახმარად. ვიცით, რომ ეკონომიკა იზრდება, შენდება ახალი ობიექტები, იდგმება კონდიციონერები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე ყველაფრის დატენვაზე გადავედით. გარდა ელექტრომობილებისა, კიდევ ბევრ რამეს ვტენით, მათ შორის - სიგარეტსაც კი.
შესაბამისად, ეს ყოველწლიური ზრდა გვაქვს, ხოლო რაც შეეხება გენერაციას - ახალი სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შეყვანის ნაწილში ცოტას მოვიკოჭლებთ. ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებლად უნდა დავიწყოთ განახლებადი ენერგიების - ჰიდრო, ქარისა და მზის რესურსების სწრაფი ათვისება. აქ უკვე აღარ ისმის შეკითხვა, თუ რომელი ჯობია; ახლა მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ამ სადგურების ექსპლუატაციაში შეყვანა, რათა წარმოებამ ჩვენი მოხმარების ზრდას გაუსწროს“, - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ.
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სექტორში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. მისი თქმით, ქსელში მიერთების წესების გამკაცრებამ ბაზრიდან უკვე გააძევა ის ინვესტორები, რომლებიც ენერგეტიკულ პროექტებს რეალურად არ ახორციელებდნენ, ხოლო დარჩენილი 1500 მეგავატის ჰიდროენერგეტიკული პროექტების შედეგები მომდევნო წლებში ეტაპობრივად გამოჩნდება.
„არც მახსოვს, ბოლოს როდის გვქონდა ასეთი ურთიერთობა სამინისტროსა და ელექტროსისტემასთან - ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. ჩვენ ვნახეთ ბევრი ინიციატივა, რომელიც უკვე ქაღალდზეც გადავიდა და ასახვა პოვა ქსელის წესებში. ეს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამაც დასტარტა, რაც მიერთების კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო.
როგორც ვიცით, მიერთების ნაწილში ბევრი პრობლემა გვქონდა „დაჯავშნილი“ და დაბევებული სადგურები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ინვესტორებს მხოლოდ ქაღალდზე ჰქონდათ. ეს ნაბიჯები ზუსტად ამ პრობლემის პრევენცია იქნება. ჩვენ დავინახეთ სამინისტროს მხრიდან ძალიან მკაცრი მიდგომები. გამოჩნდა, რომ გაფორმებული 2000 მეგავატიდან დარჩა 1500, შესაბამისად, ბაზრიდან გავიდა 500 მეგავატის მოცულობა და ის „ინვესტორები“, რომლებიც ამ ფურცლებით ვაჭრობდნენ.
რა თქმა უნდა, ამის შედეგებს ასე უცებ ვერ დავინახავთ, ეს გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება. ჰიდროს ნაწილში დარჩენილი 1500 მეგავატის უკან დგანან ის ინვესტორები, რომლებიც რეალურად საქმის გამკეთებლები არიან. დროთა განმავლობაში გამოჩნდება ამ პროექტების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, რაც ხელშესახები გახდება და ციფრებში, მათ შორის, კილოვატებშიც აისახება.
შესაბამისად, ამ პროცესს ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. ახლაც მიმდინარეობს ბევრი შეხვედრა და მსჯელობა იმაზე, თუ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს და რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჰიდროენერგეტიკა ფეხზე დადგეს. მჯერა, რომ სამინისტრო მალე კიდევ სხვა საინტერესო ინიციატივებს შემოგვთავაზებს“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
სხვა სიახლეები
როდესაც ენერგეტიკას ებრძვი იმის გამო, რომ ვიღაც არ მოგწონს, დარტყმას საკუთარ შვილებსა და მომავალს აყენებ - გიორგი მარგებაძე
24.06.2026.12:40
მსხვილი ჰესების პროექტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მარგებაძე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესად აფასებს. მისი განცხადებით, ენერგეტიკული პროექტების შეფერხება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას აზიანებს და ზრდის იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას, მაშინ როდესაც საქართველოს განვითარებისათვის ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„მე აქ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიზებულ ჯგუფს ვხედავ, რომელიც ამ კონკრეტული სადგურების თემით მთავრობისა და ხელისუფლების გაშავებას ცდილობს. ისინი ჩადიან რეგიონებში, ადგილობრივ მოსახლეობას ტვინს ურევენ, სპექტაკლებს დგამენ და ქმნიან ანტურაჟს, თითქოს მოსახლეობა ამ ყველაფრის წინააღმდეგია.
ყველაზე საწყენი ის არის, რომ ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ - ვიღაცას ზვიადი არ მოსწონდა, ვიღაცას შევარდნაძე, ვიღაცას სააკაშვილი, ვიღაცას ბიძინა არ მოსწონს და ვიღაცას არ მოეწონება შემდეგი, ვინც იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში ვის ვებრძვით? ვებრძვით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ენერგეტიკას. როდესაც ენერგეტიკას ებრძვი იმის გამო, რომ ვიღაც პერსონალურად არ მოგწონს, საბოლოო ჯამში დარტყმას საკუთარ შვილებსა და მომავალს აყენებ, რადგან შენი დამოკიდებულება მეზობელზე იზრდება. ვინ არის ეს მეზობელი, ვისგანაც უამრავ ელექტროენერგიას ვყიდულობთ? ეს არის ჩრდილოეთი.
სწორედ ამიტომ, რაღაცები ხელშეუხებელი უნდა იყოს. უნდა ვთქვათ, რომ რაც უნდა პოლიტიკური პრეტენზიები გვქონდეს, ენერგეტიკას შევეშვათ, რადგან ეს არის მომავალი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენება შეუძლია. ხომ ვხედავთ, რა სამყაროში ვცხოვრობთ და სად ვართ? ყველაფერი ელექტროენერგიაზეა გადასული. თუნდაც ხელოვნური ინტელექტი ავიღოთ - ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ, სადაც მასზე დასმული თითოეული შეკითხვა ელექტროენერგიას მოიხმარს. სასაცილოა, ცოტა ხნის წინ OpenAI-ს ხელმძღვანელს სპეციალურად დაუსვეს კითხვა: როდესაც ხელოვნურ ინტელექტს მადლობას ვუხდით, ამაზე რა თანხა და რესურსი იხარჯებაო? გაეცინა და, თუმცა პირდაპირ არ უთქვამს, მადლობას ნუღარ გადაუხდითო, აღნიშნა, რომ ამ დროს ათობით მილიონი იხარჯება და ძალიან ბევრი ელექტროენერგია იწერება.
წარმოიდგინეთ, ამ ეპოქაში, როდესაც უაზრო ბრძოლებში ვართ ჩაბმული იმის გამო, რომ ვიღაცას ვინმე არ მოსწონს, ვებრძვით ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ეს ხომ გრძელვადიანი პროექტებია? ვიცით, რომ ენგურჰესი უკვე 60 წელია დგას, ასევე გვაქვს ჟინვალჰესი, ლაჯანურჰესი. აი, ჟინვალჰესზე რომ ვსაუბრობთ - იქ კონკრეტულ სოფლებს გადასახლება მოუწია და ეკლესიაც კი დაიტბორა, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, მაშინ ჟინვალჰესი რომ არ აშენებულიყო, დღეს ნახევარ თბილისს წყალი საერთოდ არ ექნებოდა, ელექტროენერგიაზე საუბარიც კი ზედმეტია. ელემენტარულად, წყალი არ გვექნებოდა.
შესაბამისად, ასეთი საკითხები კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს. მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს, თავად მოიძიოს და გადაამოწმოს ინტერნეტში. ცუდია, როდესაც ბრმად ენდობი ადამიანს, რომელიც ჩამოდის და გეუბნება, რომ აქ ტალღა გადაგივლის, ან სხვა უბედურებებს გიხატავს“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.