ბაზრის დივერსიფიკაციისთვის ₾16 მილიონია გამოყოფილი - სოფლის მეურნეობის მინისტრი
დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მსოფლიოს
სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ₾16 მილიონია გამოყოფილი.
„აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები ათეულობით გამოფენაზე როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბაზრების
დივერსიფიცირებას.
სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესს, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გვაქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, შარშან, დაახლოებით, 28%-ით, 23 მლნ ლიტრი მეტი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.
წელს გავაუმჯობესებთ ამ შედეგს. ზრდის მაჩვენებელი მაღალია აშშ-შიც და 28%-ზე
მეტს შეადგენს.
ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გვაქვს: პოლონეთში, გერმანიაში,
იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში; ყველა იმ ბაზარზე, სადაც მნიშვნელოვან
მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა.
ეს ყველაფერი არის იმ ღონისძიებების შედეგები, რომელსაც ბიზნესთან ერთად ვახორციელებთ და
ვეხმარებით მათ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე იყვნენ წარმოდგენილები“, -
განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826