ბელგიური კომპანია Jan De Nul NV ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს - კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. „იან დე ნული" ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა. „იან დე ნული" ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული" ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ. აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ" ჯგუფის მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali - დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორის ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826