„ბიზნესის დღე“ რეგიონებს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავებასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს - ირაკლი გაბრიაძე
„ბიზნესის დღე“ რეგიონებს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავებასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
„როგორც თქვენ აღნიშნეთ, კორპორაცია არის ყველა ბიზნესისთვის და ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე. ეს არის ჩვენი მიმართულება, რომელიც ავირჩიეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ რეგიონულ ბიზნესებსა და რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებს. ამის გამოხატულებაა სწორედ ის აქტივობები, რომლებიც უკვე ახსენეთ: არაერთი ვიზიტი რეგიონებში, მეწარმეების გაცნობა, რეგიონული მეწარმეების და რეგიონში მოღვაწე მეწარმეების ფართო საზოგადოებისთვის და იმის ჩვენება, რომ კორპორაცია თავისი ისტორიის მანძილზე და მომავალშიც აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ყველა ტიპის ბიზნესს, დაწყებული მიკრობიზნესიდან, დასრულებული მსხვილი ბიზნესით, რომელიც არაერთი უკვე გვყავს მხარდაჭერილი.
კონკრეტული ინიციატივა, რომელზეც ისაუბრეთ, ეს არის „ბიზნეს დღე“, ესე ვეძახით. გაჩნდა მისი იდეა იქედან, რომ დავინახეთ საჭიროება რეგიონულ ბიზნესებში, რომ მათ ერთმანეთთან გაცვალონ და ერთმანეთში გაცვალონ იდეები, ხედვები და თავისი გეგმები. და ამით, იმედი გვაქვს, მხარს დავუჭერთ რეგიონების განვითარებას: ერთის მხრივ, გაღრმავდება კავშირები რეგიონს შიგნით და, მეორე მხრივ, რეგიონულ ბიზნესებს გაიცნობენ სხვა რეგიონის წარმომადგენლები და შეძლებენ მათთან დაკავშირებას.
ინიციატივას ზუგდიდიდან ვიწყებთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაიმართება „ბიზნეს დღე“. ეს სიმბოლურიცაა, რადგან ჩვენი პირველი რეგიონული ოფისი სწორედ ზუგდიდში გაიხსნა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამომდინარეც და იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს, ამ სიტუაციაში თავის წვლილს შეიტანს. და შემდეგ გვინდა, რომ გავმართოთ აღნიშნული ბიზნეს დღეები სხვადასხვა რეგიონებში და მივცეთ ამას ტრადიციული სახე.
ჩვენი მიზანია, ადგილობრივმა ბიზნესებმა იცოდნენ, რომ წელიწადში ერთი დღე ექნებათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ საკუთარ რეგიონში მოღვაწე სხვა ბიზნესებს, გაცვალონ იდეები, ჩამოაყალიბონ ახალი ბიზნეს კავშირები და განავითარონ რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკა“, - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826