ბიზნესცენტრების მიწოდება საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, თუმცა მოთხოვნის ზრდა დინამიური იყო - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი
Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსის, ზუკა თავყელიშვილი შეფასებით, 2019-2025 წლებში თბილისის ბიზნესცენტრების ბაზარზე მოთხოვნის ზრდამ მიწოდებას გადააჭარბა და ვაკანტურობის შემცირება გამოიწვია, თუმცა მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიწოდების ზრდა მოთხოვნას დაახლოებით ორჯერ გადააჭარბებს, რის შედეგადაც 2028 წლისთვის ვაკანტურობის მცირედი ზრდაა მოსალოდნელი.
„2019-დან 2025 წლამდე პერიოდს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ბიზნესცენტრების მიწოდება საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, თუმცა მოთხოვნის ზრდა კიდევ უფრო დინამიური იყო, რამაც ვაკანტურობა შეამცირა. მოთხოვნის ეს მატება სწორედ ფინანსურ სერვისებსა და IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ განაპირობა.
რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ველოდებით, რომ მიწოდების ზრდის ტემპი მოთხოვნას ორჯერ გადააჭარბებს. კერძოდ, თუ მიწოდების 28%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ, მოთხოვნის ბუნებრივ მატებას 14%-ის ფარგლებში ველოდებით. ამ ეტაპზე როგორც IT, ისე ფინანსურ სექტორში ზრდის ტემპის სტაბილიზაციას ვვარაუდობთ. ეს გამოწვეული იქნება როგორც ეკონომიკური ზრდის ტემპის ნორმალიზაციით, ისე ხელოვნური ინტელექტის დანერგვით, რაც დღეს არსებულ ბიზნესებს უმცირებს დასაქმებულთა რიცხვის იმავე სისწრაფით გაზრდის აუცილებლობას, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.
შესაბამისად, ვპროგნოზირებთ, რომ 2028 წლისთვის ვაკანტურობა მცირედით გაიზრდება, თუმცა ბაზარზე დამატებითი ზრდის ბევრი ფაქტორი არსებობს. მაგალითად, ქვეყანაში ახალი უცხოური IT კომპანიების შემოსვლა მაღალი კლასის ბიზნესცენტრებზე დამატებით მოთხოვნას შექმნის. რაც შეეხება საშუალო კლასს, ვფიქრობთ, მათ აქვთ დიდი პოტენციალი, დამატებითი ბენეფიტების შეთავაზებით გადმოიბირონ მოიჯარეები საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ოფისებიდან, რაც, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ დიდი ბაზარია. ეს უპირატესობები შეიძლება იყოს ცალკე მდგომი შენობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ერთიანი მენეჯმენტი. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ბაზარზე საკმაოდ დიდი ზრდის პოტენციალი არსებობს” - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ Galt & Taggart-მა კვლევა „სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს.
„2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის.
მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება.
მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა“, - განმარტებულია Galt & Taggart-მა კვლევაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე
25.07.2026.12:09
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.