ბოლო 10 წლის განმავლობაში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია განახევრდა - ნათია თურნავა
„საქართველოს ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკას კვლავაც პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს. ბოლო ათი წლის განმავლობაში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეს მათი დაახლოებით 60% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" ისაუბრა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დედოლარიზაციის პოლიტიკა ეროვნული ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.
„თუ 10 წლის წინ სესხებისა და დეპოზიტების დაახლოებით 80% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული - უპირატესად დოლარსა და ევროში, დღეს ეს მაჩვენებელი განახევრდა და სესხების დაახლოებით 60%, ასევე დაახლოებით ამდენივე დეპოზიტი უკვე ეროვნულ ვალუტაშია. ეს ეროვნული ვალუტის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს. ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ვაგრძელებთ და მადლობა მინდა გადავუხადო საბანკო სექტორს აქტიური თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის", - განაცხადა მან.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლარის მკვეთრი გაუფასურების, არამედ მისი მყისიერი გამყარების თავიდან აცილებაც, რადგან გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებადი ცვლილებები ბიზნესსაქმიანობას ართულებს.
„ამ თვალსაზრისით, დედოლარიზაცია და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის ზრდა ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა - მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში სავალუტო ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" მიიღო მონაწილეობა
16.11.2026.17:44
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, ეკონომიკურ ტენდენციებზე, კერძო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
ნათია თურნავამ კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები". სებ-ის პრეზიდენტმა ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური მედეგობა და ფინანსური სექტორის განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ინფლაციის მიმდინარე დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ინფლაციური ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი წყარო საგარეო ფაქტორებია, მათ შორის ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასები. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ საგარეო შოკების გავლენა გრძელვადიან შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს.
მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური მედეგობის განმაპირობებელ ფაქტორებზე. მისი განცხადებით, საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 130%-ს შეადგენს. ეკონომიკური მედეგობის მნიშვნელოვან საფუძვლად მან ასევე ძლიერი და მდგრადი საბანკო სისტემა დაასახელა.
პანელურ დისკუსიაში საუბარი შეეხო დედოლარიზაციის პოლიტიკასაც. სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეს მათი დაახლოებით 60% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული.
პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები, და განვითარების პერსპექტივები" ასევე მონაწილეობდნენ ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პანელს მოდერატორობას უწევდა BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის", უკვე მეოთხე წელია იმართება და მისი მიზანია მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ღია დიალოგის ხელშეწყობა, ბიზნესგარემოსა და ეკონომიკური ტენდენციების შეფასება, კერძო სექტორის გამოწვევების განხილვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის გაძლიერება.