ბოლო 3 წლის განმავლობაში თურქულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 370 მლნ დოლარი შეადგინა - პრემიერი
თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა უკვე თითქმის 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოში თურქული კომპანიების რიცხვი 10 000-ს აჭარბებს.
„ჩვენ ველით ამ რიცხვების შემდგომ ზრდას მომდევნო წლებშიც. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის - როლს. სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის მეშვეობით დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით ისეთი სფეროები, როგორებიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა, დარჩება ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მამოძრავებელ ძალად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მიისწრაფვიან არსებული და დაგეგმილი რეგიონული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის, ასევე − ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და სხვა პროექტების განხორციელებისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826