ბოლო 6 თვეში, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 20 -მდე ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.
აღსანიშნავია, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 20-მდე ფაქტი (ვალუტა - აშშ დოლარი, რუბლი, ევრო).
მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 14 ივნისს, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, მედია საშუალებებით გავრცელებულ ობიექტებზე) რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826