ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ღია ბანკინგის სერვისების ჯამურმა გამოყენებამ 9.3 მილიონს გადააჭარბა - სებ
საქართველოში ღია ბანკინგის გამოყენება მზარდ დინამიკას აჩვენებს. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, 2025 წლის თებერვლიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით, ღია ბანკინგით განხორციელებულია 915 ათასზე მეტი ტრანზაქცია.
ღია ბანკინგი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავად განსაზღვროს ვის, როდის და რა მოცულობით გაუზიაროს საკუთარი ფინანსური მონაცემები ციფრულ არხებში და ამავდროულად, უსაფრთხოდ მოახდინოს გადახდების ინიციირება სასურველი პლატფორმიდან. მონაცემთა გაზიარება და შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება სტანდარტიზებული API-ების (Application Programming Interface) გამოყენებით, მომხმარებლის მკაფიო და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.
თანამედროვე ციფრული ფინანსური ეკოსისტემის ფორმირება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის ცენტრალური მიმართულება ღია ბანკინგია. ამ მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნას საფუძველი 2019 წლის ზაფხულში ჩაეყარა, ხოლო შემდგომ ჩამოყალიბდა სტანდარტიზებული ჩარჩო, რომელმაც უსაფრთხო API არხებით ანგარიშზე არსებული ინფორმაციის გაზიარებისა და გადახდის ინიციირების მომსახურებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. პროცესმა პრაქტიკული სახე 2021 წელს მიიღო, როდესაც სისტემაში კომერციული ბანკები ჩაერთვნენ და მომხმარებლებს ღია ბანკინგის სერვისების გამოყენებით სრულიად ახალი საბანკო პროდუქტები შესთავაზეს. 2024 წლის ივლისში კი ეკოსისტემა ტრადიციული საბანკო სექტორის ფარგლებს გასცდა - სწორედ ამ დროს მიიღო პირველმა არასაბანკო სუბიექტმა ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგში ჩართვის თანხმობა.
ბოლო ერთი წლის სტატისტიკა ღია ბანკინგის გამოყენების მზარდ დინამიკას ადასტურებს:
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მხრიდან ღია ბანკინგის შესაძლებლობების მიმართ ინტერესი საგრძნობლად იზრდება. ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ღია ბანკინგის ეკოსისტემა მხოლოდ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებითა და ფინტექ კომპანიებით არ შემოიფარგლება - ის სრულიად ახალ პერსპექტივებს ხსნის ფართო ბიზნეს სექტორისთვისაც, მაგალითად საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის (E-commerce) მიმართულებით.
ღია ბანკინგში ჩართვა შეუძლიათ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტებს, ისე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მანამდე ეროვნული ბანკის ზედამხედველობას არ ექვემდებარებოდნენ. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საცალო და სხვა არასაფინანსო სექტორის კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავად განახორციელონ ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომისა (AIS) თუ გადახდის ინიციირების (PIS) მომსახურება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს შეუძლია პირდაპირ საკუთარ პლატფორმაზე დანერგოს თანამედროვე, სწრაფი გადახდის მეთოდები. ვინაიდან ღია ბანკინგით ინიცირებული ტრანზაქცია, თავისი არსით, წარმოადგენს ანგარიშიდან ანგარიშზე (Account-to-Account) გადახდას, ის საგრძნობლად ამცირებს ტრადიციული შუამავლების საჭიროებას. შესაბამისად, ბიზნესი სრულიად სარგებლობს ღია ეკოსისტემის უპირატესობებით - მცირდება საოპერაციო ხარჯები და იზრდება უსაფრთხოება.
ელექტრონულ კომერციაში ღია ბანკინგის ინტეგრაციისა და ბიზნესისთვის შექმნილი ახალი უპირატესობების შესახებ დეტალურად გაეცანით ეროვნული ბანკის სტატიას - ღია ბანკინგი ელექტრონულ კომერციაში: ახალი შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები
ღია ბანკინგში ჩართვის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ „ღია ბანკინგში ჩართვის წესით“. დამატებითი ინფორმაცია მარეგულირებელი ჩარჩოსა და წესების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე: ღია ბანკინგი;
ღია ბანკინგით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს ელექტრონულ მისამართზე: innovationoffice@nbg.gov.ge.
სხვა სიახლეები
შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს | მარიამ ქვრივიშვილი
08.11.2026.11:39
„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად დაესწრო.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი შუა დერეფნის კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზეც გააკეთა.
„ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავ ზღვაზე შუა დერეფნის კარიბჭე გახდება და ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს შეასრულებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო კავშირების მიმართულებითაც.
„ივლისში ურუმჩი-თბილისის რეისს დაემატა შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისი. მოხარული ვარ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2027 წლიდან ფრენების აღნიშნული, კვირაში 3 სიხშირე გაიზრდება კვირაში 5 სიხშირემდე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კავშირების, ტურიზმის, ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.