ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება - ვახტანგ ცინცაძე
„ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. „საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს რეკორდული იყო როგორც საგარეო სავაჭრო ბრუნვის, ასევე ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები - 2023 წლის განმავლობაში ექსპორტის 9.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ რეკორდული მაჩვენებელი - 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე რეკორდული იყო საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რომელიც დაახლოებით 12.5% ით გაიზარდა და 21.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მოსახლეობით კეთილდღეობის და დასაქმების ზრდას. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, არაერთ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები და ეს პროცესი ახალი ხელშეკრულებების გაფორმების მიმართულებით კვლავ გრძელდება" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826