ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გავხსენით 86 კმ მაგისტრალური გზა - პრემიერი
ჩვენ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების არაერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავხსენით, ეს ყველაფერი ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს მასშტაბსა და შედეგებზე ყველაზე უკეთ მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობას და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე მაქსიმუმ 3 საათში იქნება შესაძლებელი.
„ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება აქტიურად გრძელდება და დღეს, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში გავხსენით 86 კმ მაგისტრალური გზა. ეს უკვე შეესატყვისება იმ გზების საერთო სიგრძეს, რომლებიც მთლიანად იყო აშენებული 2012 წლამდე.
რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობას და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაქსიმუმ 3 საათში იქნება შესაძლებელი. დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას, რითაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან კავშირი მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარტნიორებს, მშენებელ და საზედამხედველო კომპანიებს და ყველას, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.
„მაგისტრალური გზების მშენებლობაში ძალიან დიდია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და მათ მინდა, მადლობა გადავუხადო. უშუალოდ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში, პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან მონაწილეობენ - ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. მადლობა თითოეულ მათგანს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სპეციალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ რთული პროექტის წარმატებით დასრულებაში და რომელსაც მიუძღვის წვლილი ამ მაგისტრალური გზის მშენებლობაში. მადლობა მშენებელ და საზედამხედველო კომპანიებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან დიდი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს, მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ავტომაგისტრალური გზის მშენებლობაში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826