ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა - ნათია თურნავა
„დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მზარდი ეკონომიკური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ბოლო წლების მოვლენებმა – პანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სავაჭრო დაძაბულობამ - რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და გაართულა ფასებისა და საფინანსო სტაბილურობის შენარჩუნება. ამან ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა, რათა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოვახდინოთ გამოწვევებით სავსე გარემოში," - ამის შესახებ ნათია თურნავამ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნულ ბანკს მუდმივად უწევს გამოწვევებთან გამკლავება. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავაც გამოწვევად რჩებოდა, საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე შენარჩუნდა.
„საქართველოში დაბალი ინფლაციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის სახით თანხვედრა რამდენიმე წელია ნარჩუნდება, რაც ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით აიხსნება. თუმცა კარგად გვესმის, რომ საქართველოში მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, და ამდენად, საგარეო ფაქტორების გავლენა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კონცენტრირებულები ვართ რისკების მართვაზე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის შემცირებაზე, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე," - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826