ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით ოფიციალური შეხვედრები გაიმართა
25 მარტს ქ. ბრიუსელში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით გაიმართა ქართულის მხარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ეკონომიკურ საკითხებზე ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შიდა ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული თავებით გათვალისწინებული რეკომენდაციები. კონკრეტულად, თემატური შეხვედრები შედგა საქონლის თავისუფალი გადაადგილების, საწარმო და სამრეწველო პოლიტიკის, დაფუძნების უფლების და მომსახურების გაწევის თავისუფლების, სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, გარემო და კლიმატის ცვლილების და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის თავებით გათვალისწინებულ შეფასებებზე და რეკომენდაციებზე.
ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა განმარტებები იმ ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც უნდა გადადგას საქართველომ როგორც კანდიდატმა ქვეყანამ შემდგომი პროგრესის საჩვენებლად. ქართული მხარე გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას და შესაბამისი პროგრესი ასახული იქნება ევროკავშირის მომდევნო შეფასებაში, რომელიც წლის ბოლოსათვის არის დაგეგმილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826