Business Insider Georgia-სთან ენდრიუ ჯუველი ექსკლუზიურად ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებულ, ₾400 მილიონის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებას აფასებს
Business Insider Georgia-სთან ენდრიუ ჯუველმა, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ექსკლუზიურად, ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება შეაფასა.
,,საქართველოს პირველი სინდიკაციის მეთოდით სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივი ბაზრის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციაა. სინდიკაციის მეთოდის გამოყენებით, ფინანსთა სამინისტრომ შეძლო იმაზე უფრო მრავალფეროვანი ინვესტორების მოზიდვა, ვიდრე ამას ჩვეულებრივი სახაზინო აუქციონი უზრუნველყოფდა. ის ფაქტი, რომ მოთხოვნა 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, არარეზიდენტი ინვესტორების მნიშვნელოვანი ინტერესით - მიუთითებს, რომ სხვადასხვა ტიპის ინვესტორები საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საინვესტიციო ღირებულებას ხედავენ. უფრო დივერსიფიცირებული ინვესტორთა ბაზა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მეორად ბაზარზე ლიკვიდურობის გაუმჯობესებას, რომელიც ამ ეტაპზე ადგილობრივი ბანკების გრძელვადიანი ფლობის სტრატეგიებით („buy-and-hold“) არის შეზღუდული”, - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
ცნობისთვის, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება. გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან - მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4.5 ჯერ აღემატება. 5.9 წლიანი ვადიანობის 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილებით, მთლიანი გამოშვების 65% გადანაწილდა არარეზიდენტ ინვესტორებზე, ხოლო 35% რეზიდენტებზე.ინვესტორთა ტიპების მიხედვით, საკმაოდ დივერსიფიცირებული შედეგი დადგა: 64% განაწილდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიებზე; 24% ადგილობრივ სადაზღვევო და საპენსიო ფონდებზე, 11% კომერციულ ბანკებზე, ხოლო 1% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე. არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესი, ასევე, მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფიულ ჭრილშიც და საბოლოო განაწილებით არარეზიდენტი ინვესტორების 76%-ს გაერთიანებული სამეფოს ინვესტორები შეადგენენ, 19%-ს აშშ-ის, ხოლო 5%-ს ევროკავშირის ინვესტორები.
სხვა სიახლეები
ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს - ნათია თურნავა The Banker-თან ინტერვიუში
30.07.2026.17:40
საერთაშორისო საფინანსო გამოცემა The Banker საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან ქვეყნის ხუთი უმსხვილესი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ The Banker-ს განუცხადა, პროექტის მიზანია, სწრაფად მზარდ, თუმცა საგარეო შოკების მიმართ მოწყვლად, მცირე ღია ეკონომიკაში ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა ზრდამ ბანკებისა და მათი კლიენტებისთვის სავალუტო, საპროცენტო და ლიკვიდობის რისკების ეფექტური მართვა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციისა და კაპიტალის ბაზარზე ფინანსური ნაკადების მოზიდვას ისახავს მიზნად.
„ეს ინიციატივა არა უბრალოდ პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი, არამედ ბაზრის განვითარების პროექტია, რომელიც საბანკო სისტემის დიდ ნაწილში საერთო სტანდარტების შექმნაზეა მიმართული. როცა ბანკები საერთო სტანდარტებით და უფრო ავტომატიზებული პროცესებით მუშაობენ, მონაცემები უფრო სანდოა. უკეთესი ინფორმაცია საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს, ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს მოსალოდნელი კონცენტრაციები ან სტრესული წერტილები და უფრო სრულყოფილი მონაცემების გამოყენებით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა ნათია თურნავამ The Banker-თან საუბრისას.
Nasdaq Calypso - საზიარო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით დაინერგება. აღნიშნული ინიციატივა „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში ხორციელდება.