ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს წარმოგიდგინოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს წარმოგიდგინოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია - ინსტიტუტი, რომლის შექმნაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ამბიციებისა და განვითარების გრძელვადიანი ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. გაიზარდა ეკონომიკის მასშტაბი, გაძლიერდა კერძო სექტორი, გაფართოვდა ვაჭრობის შესაძლებლობები და შეიქმნა ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი.
„დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, განვითარების მომდევნო ეტაპს გაცილებით დიდი რესურსით, გამოცდილებითა და ამბიციებით შევხვდეთ. თუმცა, ალბათ სანამ ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს ახალ გეგმებსა და ხედვებზე, ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის განვლილი გზა, რამაც დღევანდელ გადაწყვეტილებამდე მოგვიყვანა. 2014 წელს, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყება და პროგრამა სახელად "აწარმოე საქართველოში", იმ დროისთვის ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განსაკუთრებულად განსხვავებული ეკონომიკური გამოწვევები ჰქონდა. კერძო სექტორის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს სჭირდებოდათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათი იდეები კონკრეტულ ბიზნეს აქტივობად გარდაექმნათ, გაეფართოვებინათ წარმოება და შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ამ გამოწვევას ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენმა ხელისუფლებამ კონკრეტული გადაწყვეტით უპასუხა. ამ გადაწყვეტის მთავარი ამოცანა იყო, რომ შექმნილიყო უწყება, რომელსაც უნდა ეპასუხა აღნიშნული გამოწვევებისთვის და სწორედ ასე შეიქმნა "აწარმოე საქართველოში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განვლილი 12 წლის შემდეგ, კონკრეტულ შედეგებზე დაყრდნობით, ამ გადაწყვეტილების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე შეიძლება საუბარი.
„სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 20 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა. მხარდაჭერილი ინვესტიციების მოცულობამ 8.5 მილიარდ ლარს მიაღწია და შეიქმნა 90 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ამავე პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქციის გამოშვება თითქმის ოთხჯერ გაიზარდა - 14.8 მილიარდიდან 54 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 544 000-ს მიაღწია. ექსპორტი გაორმაგდა, ხოლო საშუალო ზომის კომპანიებში დასაქმებულთა ხელფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებლები ასახავს მნიშვნელოვან ცვლილებას საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში. ქვეყანაში ჩამოყალიბდა უფრო ძლიერი, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი.
2025 წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 104.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2014 წელთან შედარებით 3.3-ჯერ მეტია", - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს - მარიამ ქვრივიშვილი
20.10.2026.15:12
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის ამბიციური, გრძელვადიანი საინვესტიციო მიზანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ახალი საწარმოების შექმნას, არსებული ბიზნესის გაძლიერებასა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.
„ჩვენი მიზანია, ბიზნესს განვითარების ყველა ეტაპზე, სახელმწიფოს სახით, ჰყავდეს ძლიერი და საიმედო პარტნიორი - პირველი იდეიდან საწარმოს შექმნამდე, წარმოების გაფართოებიდან საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდე, მცირე ბიზნესიდან მსხვილ საინვესტიციო პროექტებამდე. ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს. სწორედ ასეთ ეკონომიკას სჭირდება თანამედროვე განვითარების ინსტიტუტები, ძლიერი კერძო სექტორი და სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე კურატორ მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისთვის.
„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი ჩემს მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ეფექტიანობის ზრდისთვის, ისევე როგორც აღნიშნული რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისა და კორპორაციის ძალიან სწორი ფორმით ჩამოყალიბებაში. მე მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს - ბატონ ირაკლი გაბრიაძეს და მის გუნდს. ჩვენ ძალიან დიდი ამოცანები, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, კორპორაციის ძალისხმევით ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.