ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა ქართულ კომპანიებს ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უხსნის - გენადი არველაძე
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა ქართულ კომპანიებს ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უხსნის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (China International Import Expo - CIIE) მონაწილეობს.
„ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდა. წინა წლებში წარმატებული მონაწილეობის გამოცდილება გვაქვს, როცა ქართველმა მწარმოებლებმა 20 მილიონ დოლარამდე ოდენობის გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმეს. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ წლევანდელი გამოფენა ახალ წარმატებებსა და ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს მოიტანს," - აღნიშნა გენადი არველაძემ.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია მიიღებს. „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826