ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის ამ ქსელებში მიწოდების საკითხებზე - ირაკლი ნადარეიშვილი
„შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ტრადიციულად, უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა შანხაიში მეცხრედ ტარდება. საქართველო გამოფენაზე წელსაცაა წარმოდგენილი, ამჯერად 40-მდე კომპანიით.
„წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გაიმართა მთელი რიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან, სადაც ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის ამ ქსელებში მიწოდების საკითხებზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სამი თემატური პავილიონითაა წარმოდგენილი. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წელს გამოფენის ფარგლებში ორგანიზებული სპეციალური ღონისძიების ფორმატში ქართული და ჩინური კომპანიების ორმხრივი შეხვედრები შედგა.
„პირველად გამოფენის ისტორიაში გავმართეთ სპეციალური ღონისძიება, სადაც ორმხრივ ფორმატში 50-მდე ჩინური კომპანია ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს ქართველ მეწარმეებთან, რათა განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინურ ბაზარზე" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
200 მეგავატამდე სიმძლავრის სააკუმულატორო სადგურს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ააშენებს - დავით ნარმანია
06.11.2026.18:13
200 მეგავატამდე სიმძლავრის სააკუმულატორო სადგურს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ააშენებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
„მზისა და ქარის სადგურები, რომლებიც ინტენსიურად შენდება, ჩვენი ენერგეტიკისთვის წამყვანი არ არის. ჩვენი ენერგეტიკისთვის წამყვანი მაინც ჰიდროენერგეტიკაა. გარდა ამისა, მზისა და ქარის სადგურებს, რომლებიც გენერაციის შედარებითი არასტაბილურობით ხასიათდება, დაბალანსებისთვის სჭირდება ჰიდროელექტროსადგურები ან თანამედროვე დამაგროვებელი მოწყობილობები, ანუ აკუმულატორები.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დაბალანსებისთვის მომდევნო პერიოდში ასევე პარალელურად ინტენსიურად აშენდეს ჰიდროელექტროსადგურები, განსაკუთრებით დამაგროვებლიანი სადგურები, ან დამაგროვებლიანი, ასე ვთქვათ, სააკუმულატორო სადგურები.
200 მეგავატამდე სიმძლავრის სააკუმულატორო სადგურის მშენებლობა დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება ეს პროექტი. კერძო სექტორსაც აქვს გარკვეული ინიციატივები ამ თვალსაზრისით და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მარეგულირებლიანი, ანუ რეზერვუარიანი ჰიდროსადგურების მშენებლობა, რომლებიც იძლევა საშუალებას, მზისა ან ქარის სადგურების გამომუშავების მნიშვნელოვანი შემცირების ან შეწყვეტის დროს სწრაფ რეჟიმში ჩანაცვლდეს ეს ენერგია და სისტემა არ გახდეს ენერგოდეფიციტური.
ამიტომაც მარეგულირებლიან სადგურებს და, იმავეს ვიტყვი, სააკუმულატორო მოწყობილობებს აქვთ საშუალება, რომ ასეთ პირობებში სწრაფად შეუშვან სისტემაში დამატებითი ენერგია და მოხმარება, რაც არის, ენერგიის უზრუნველყოფის გარეშე არ დარჩეს.
ამიტომაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ენერგოსექტორისთვის. ჭარბი ენერგიის ექსპორტისთვის, რა თქმა უნდა, შავი ზღვის კაბელი არის უალტერნატივო, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, საქართველოდან პირდაპირ ევროპაში იქნას გატანილი ჭარბი ენერგია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შავი ზღვის შელფის დეტალურ კვლევასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ამ პროექტის შემდეგი ეტაპია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ. ამდენად, ეს არის უმნიშვნელოვანესი კვლევა, რომელსაც მერე უკვე დაეფუძნება დეტალური პროექტირება“, - აცხადებს დავით ნარმანია.