ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე - ირაკლი ნადარეიშვილი
„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას.
ირაკლი ნადარეიშვილმა ის დარგები გამოყო, სადაც ჩინეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„განსაკუთრებით გამოვყოფდი საინვესტიციო სფეროებს, ენერგეტიკის, ავტოწარმოების, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით. გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, რაც ძირითადად გამოიხატება ჩინური მხარის ჩართულობაში პროექტების დამუშავების, დეტალური შესწავლის და, საბოლოო ჯამში, ერთობლივი გადაწყვეტილებების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური დელეგაციების ვიზიტი იგეგმება.
„უახლოეს მომავალში საქართველოში სამუშაო ჯგუფებს ველოდებით სხვადასხვა კომპანიიდან და სექტორიდან, რათა სამუშაო პროცესი უკვე ადგილზე გავაგრძელოთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
10.11.2026.18:42
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქთარმა ხელი მოაწერეს „საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას".
შეთანხმების მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით.
პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.
ხელმოწერის ცერემონია თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.