ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ავიაკომპანიებთან მორიგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გამართავს, რომელიც ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვითარდება. საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის შედეგად, 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 148%-ით მეტი შეადგინა 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის 2024 წლიდან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ავიამიმოსვლის, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით არის გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები, რომლებიც მაღალი დატვირთვით ხორციელდება.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ასეთი დინამიკიდან გამომდინარე, დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენებისდაწყების თაობაზე, მათ შორის, თბილისი- შანხაის ხაზზე, სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826