ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზა, ანაკლიის პორტი, ახალი აეროპორტი - საკითხები, რაზეც დავოსში პრემიერმა ისაუბრა
ჩემმა ძვირფასმა კოლეგამ, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, ახსენა დაკავშირებადობა. რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე.
„ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო, - საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ.
უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონს გადააჭარბებს. ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონალური ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონალურ ჰაბადაც ვიქცეთ.
ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, - ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება.
ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა. ჩინეთმა ინტერესი რანდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826