ჩნდება შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც აუცილებლად არის გამოსაყენებელი - ჯემალ ინაიშვილი
„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის შესაძლებლობებზე საუბრობს და განმარტავს, რომ საქართველოს გააჩნია შესაძლებლობები, რომ ექსპორტ-იმპორტში ექსპორტის ნაწილი ცენტრალური აზიის ტვირთებით დააბალანსოს.
„ზუსტად ამ მიმართულებითაა სამუშაო. გარკვეულწილად შესაძლოა დაგვიანებულიცაა .დაახლოებით, რომ გითხრათ თუ როგორ გამოიყურება ტვირთების მოცულობა კონტეინერების ნაწილში: 100%-ი იმპორტის შემთხვევაში ჩვენ 80%-ს ცარიელ კონტეინერს ვაბრუნებთ. ანუ ჩვენ არ ვაწარმოებთ იმ რაოდენობით პროდუქციას, ან არ მოვიპოვებთ იმ რაოდენობის წიაღისეულს, რომელიც დააბალანსებდა ასეთ დიდი განსხვავებას იმპორტსა და ექსპორტს შორის. ზუსტად ცენტრალური აზიის ქვეყნებში და განსაკუთრებით ყაზახეთში, უზბეკეთი და თურქმენეთში არის ის საექსპორტო პროდუქცია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავაბალანსოთ ჩვენი უარყოფითი ამ შემთხვევაში ექსპორტი. რეალურად ნედლეული და პროდუქცია არის ცენტრალურ აზიაში“, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა.
ჯემალ ინაიშვილის განმარტებით, ცენტრალური აზიის ქვეყნები აქამდე ექსპორტს რუსეთის გავლით ახორციელებდნენ, ბალტიისპირეთის ნავსადგურების მეშვეობით ან თავიანთი ნავსადგურების მეშვეობით.
„ახლა კი ჩნდება შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც აუცილებლად არის გამოსაყენებელი“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი და შუა დერეფანში საქართველოს დიდ როლზე საუბრობს და განმარტავს რომ დერეფნის აქტუალურობა 2 ფაქტორმა განაპირობა.
„ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მნიშვნელობა შეიძინა შუა დერეფანმა. გარდა ამისმა არის ის სანქციები, რომელიც ირანზე მოქმედებს. ირანი ჩვენთვის კონკურენტია. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან გონივრულად უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობებით, რომელიც ახლა გამოჩნდა და უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ამ მიმართულებით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც შეეხება ნავსადგურების მშენებლობას და სხვა პროექტებს, რომელიც უკავშირდება ზუსტად ლოგისტიკას“, - აცხადებს ინაიშვილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826