ჩვენ ძალიან მალე ვიწყებთ ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ბევრ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ახორციელებენ.
„ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარებას, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანს ვიცი, რომ დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები. ჩვენ, საქართველოს ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ ძალიან მალე ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ასევე რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ახლა და რამდენიმე თვეში ჩვენ ამ პროექტსაც დავასრულებთ. ასე, რომ ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის ", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826