ჩვენ გვაქვს ამბიცია გავხდეთ რეგიონში მწვანე ენერგიის „ჰაბი“ - ლევან დავითაშვილი
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღეს ვულოცავ. თითოეული მათგანის წარმატებულ საქმიანობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა. ძლიერი და მდგრადი ენერგეტიკული სისტემა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საფუძველია, ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული სექტორის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განცხადებას ავრცელებს.
10 სექტემბერი საქართველოს ენერგეტიკოსის დღეა.
„სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიების უხვი პოტენციალი წარმოადგენს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ფოკუსს. ამ წყაროების სწორი გამოყენება არა მხოლოდ ქმნის ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების საფუძველს, არამედ, წარმოადგენს შესაძლებლობას, ვუპასუხოთ გლობალურ გამოწვევებს და მივაღწიოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების კუთხით დასახულ მიზნებს.
ჩვენ გვაქვს ამბიცია გავხდეთ რეგიონში მწვანე ენერგიის „ჰაბი“. ამ მიზნის მისაღწევად ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მწვანე ენერგიის შემდგომ განვითარებას. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვას არა მხოლოდ ტრადიციულ ჰიდროენერგეტიკაში, არამედ ქარის, მზის, ბიომასის, წყალბადის და სხვა არატრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენებაში. მწვანე ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი სტიმული იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს ევროპის ბაზრებთან დააკავშირებს და რომელსაც მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.
საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურები, გაზსადენები და სხვ. ყოველივე ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ზოგადად, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“, - წერს დავითაშვილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826