ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფად მზარდი ეკონომიკა და კერძო სექტორი, რომელსაც კაპიტალის მოზიდვაში მეტი მოქნილობა სჭირდება - ირაკლი ნადარეიშვილი
„კაპიტალის ბაზრის რეფორმა საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ბევრი სხვა უწყების ძალიან მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ, სტრუქტურულ რეფორმას წარმოადგენს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში კერძო სექტორთან ერთად ძალიან ინტენსიურად და წარმატებით ვახორციელებთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის" მხარდაჭერით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის" მიერ 200 მლნ ლარის ობლიგაციების ემისიის ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა მოიცავს როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებას, ასევე ბიზნესის ხელშეწყობის ინსტრუმენტებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით დაინერგა. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს ფაქტორინგის, უძრავი ქონების ტრასტების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. „2025 წლის ბოლოსთვის, ჯამურად, სახელმწიფოს მხრიდან 900 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების ემისია იქნება მხარდაჭერილი," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ბიზნესის ხელშეწყობის კიდევ ერთ ინსტრუმენტზე, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარებას შეეხება. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, 2026 წლის იანვარში მთავრობა გამოაცხადებს კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის ფონდის აქტივების მართვაზე. "ეს იქნება კონკურსი, სადაც ჩვენ შევარჩევთ აქტივების მმართველს. ფონდის ფორმირებაში სახელმწიფო, როგორც ერთ-ერთი ინვესტორი, მიიღებს მონაწილეობას. ასევე შემუშავებული გვაქვს პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საინვესტიციო ფონდების განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფად მზარდი ეკონომიკა და კერძო სექტორი, რომელსაც კაპიტალის მოზიდვაში მეტი მოქნილობა სჭირდება. მიმდინარე წლის ბოლოსთვის სავალო ფასიანი ქაღალდების აქტიური პორტფელი გადააჭარბებს 5.5 მლრდ ლარს, საიდანაც ნახევარზე მეტი კორპორაციული ობლიგაციებს უჭირავს, რაც ამ ბაზრის აქტიურ განვითარებაზე მეტყველებს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ემისიის გამოშვებას ორგანიზება სწორედ არასაბანკო საბროკერო კომპანიამ გაუწია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზარზე დივერსიფიცირება ამ კუთხითაც ხდება, რაც ხელს შეუწყობს ზრდასა და დინამიურობას.
სხვა სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე
25.07.2026.12:09
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.