ენერგეტიკის სექტორში ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ინვესტორები - მაია მელიქიძე
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ღიად განხილვას უწყობს ხელს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და სხვა დაინტერესებული მხარეები აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, სადაც ენერგეტიკის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მელიქიძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მორიგი შეხვედრაც, სადაც მთავარი განხილვის თემა ელექტროენერგიის ბირჟა იქნება. ბირჟის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი და სექტორისთვის გამჭვირვალე წესებისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს.
„ფაქტია, რომ ენერგეტიკა წლების განმავლობაში უძრაობის ხანაში იყო და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ბაზარი, რომელსაც სექტორის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებდნენ. დღეს უკვე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც არის მთავარი პოლიტიკის შემქმნელის დამსახურება, რადგან ეს პროცესი ჩვენ წინა წლის თებერვალში დავიწყეთ. ძალიან კარგად მახსოვს GREDA-ს ბორდის შეხვედრა ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, როდესაც პირდაპირ განვიხილეთ სექტორში არსებული პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. ამას მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგით დასრულდა - სექტორის წარმომადგენლები პრობლემებზე ღიად ესაუბრებოდნენ, ყოველგვარი დაფარვისა და ოფიციალური კომუნიკაციის გარეშე.
საბოლოოდ, უკვე ორჯერ გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრები, სადაც არა მხოლოდ სამინისტრო იყო წარმოდგენილი, არამედ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც გადამცემ ქსელზე დიდი დატვირთვით მუშაობს, ესკო, როგორც ბაზრის კომერციული ოპერატორი, და GDF, სახელმწიფო ფონდი, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ესწრებოდა პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მინდა დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე შეხვედრა, სადაც მთავარ თემას, ელექტროენერგიის ბირჟას, განვიხილავთ. ბირჟის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, საბოლოო თარიღად კი 2027 წლის 1 ივლისი არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ პროცესში საჭიროა კვალიფიციური ინვესტორების ჩართულობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სწორად მოაზროვნე ინვესტორი და გაზრდილი გენერაციის ობიექტების რაოდენობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
სხვა სიახლეები
რამდენადაც გაიზარდა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის სწორი მოდელით განვითარება და ეს არის ლენდლორდის მოდელი, რომელზეც სტრატეგიულად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ გზით, რადგან რეგიონში ამ პორტში ინვესტირების ინტერესი არის მაღალი - გენადი არველაძე
17.11.2026.11:05
„რამდენადაც გაიზარდა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის სწორი მოდელით განვითარება და ეს არის ლენდლორდის მოდელი, რომელზეც სტრატეგიულად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ გზით, რადგან რეგიონში ამ პორტში ინვესტირების ინტერესი არის მაღალი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემაში „დებატები რუსთავი2-ზე."
ლენდლორდის მოდელზე საუბრისას, სადაც სახელმწიფო ხდება საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითადი მფლობელი, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა დიდ ინტერესს რეგიონის ქვეყნებიდან, მათ შორის, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ასევე ჩინეთიდან, რომელთათვის საინტერესოა აღნიშნული მოდელი.
„უახლოეს მომავალში საზოგადოება დაინახავს, რომ ის სატერმინალო და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელზეც ინტერესი არსებობს, რეალური პროექტებია და რეალური დაინტერესებაა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, რაც ნიშნავს, რომ თანაბრად იქნება წარმოდგენილი ინტერესი რეგიონის ქვეყნებიდან აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში ანაკლის პორტში, როდესაც გვეყოლებიან ინვესტორები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ჩინეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან - ეს იქნება ზუსტად ის ბალანსი, რომელიც ჩვენ გვექნება ამ პორტის სახით და არა მარტო ინვესტიციების ინტერესის ზრდით როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლის პორტის მიმდებარედ ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განვითარდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონით დავაინტერესოთ ის წარმოებები, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ამ საპორტო ინფრასტრუქტურის პარალელურად. ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ გაიზრდება ინტერესი ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ევროპიდან წარმოებების, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების მიმართულებით და ზუსტად ეს ზონა შესთავაზებს საერთაშორისო ინვესტორებს, რომ მათ განავითარონ წარმოება საქართველოში, დამატებითი ღირებულება შექმნან და შემდეგ აღნიშნული პორტი, სარკინიგზო და იგივე საგზაო ინფრასტრუქტურა მოემსახუროს უკვე საქართველოში გადამუშავებული, წარმოებული პროდუქტების გატანას როგორც ცენტრალურ აზიაში და ჩინეთში, ასევე ევროპის მიმართულებით" - განაცხადა გენადი არველაძემ.