ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები - მაია მელიქიძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.
,,ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმ არაერთჯერად შეხვედრაზე, რომელიც შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, იყო ყველა კრიტიკული თემა, რომელიც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები.
ფაქტია, რომ ინიციატივები, რომლებიც გრედას გააჩნდა და წლების განმავლობაში ჩვენი პროექტი იყო ნამდვილად თაროზე, დღეს უკვე მისი განხილვა საპარლამენტო ნაწილში გადაინაცვლებს, ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 მგვ-ზე არსებული შეღავათების, 5 მგვტ-ზე აწევას - ეს ცოტა ხნის წინ დაინიცირებული მნიშვნელოვანი წინადადებაა, რომელიც უმალვე იქნა გაზიარებული სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მალე ჩვენ გვექნება ამ მიმართულებითაც შედეგი", - აცხადებს მაია მელიქიძე, გრედა - ს აღმასრულებელი დირექტორი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826