ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე აღნიშნა, სარკინიგზო, საპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის განვითარებაში, აძლიერებს პარტნიორობას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში და ხელს უწყობს რეგიონის სატრანსპორტო კავშირებისა და ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას.
„საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და უკვე აქტიურად არის ჩართული მათი განხორციელების პროცესში. ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, დივერსიფიცირებული, კონკურენტული, მდგრადი და, რაც მთავარია, მეტად დაკავშირებული როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ენერგეტიკულ სივრცესთან - ინგა ფხალაძე
22.09.2026.14:20
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, დივერსიფიცირებული, კონკურენტული, მდგრადი და, რაც მთავარია, მეტად დაკავშირებული როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ენერგეტიკულ სივრცესთან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ დღეს საქართველოს წინაშე სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული ამოცანები დგას. ამასთან, ინგა ფხალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები გულისხმობს არა მხოლოდ საუბარს ენერგეტიკის გამოწვევებსა და მომავალზე, არამედ საფუძველს უყრის იმ წესების, ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ენერგეტიკულ მომავალს ქმნიან.
„ამ პროცესში კი, ცხადია, ფუნდამენტურია რეგულირების როლი. ენერგეტიკული ტრანსფორმაცია დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებების ერთობლიობა. განახლებადი ენერგიის სწრაფი განვითარება, ელექტროენერგიის ბაზრების ინტეგრაცია, ენერგიის შემნახველი სისტემები, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტი - ეს ყველაფერი ერთად ქმნის ახალ ტექნოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სიტყვით გამოსვლისას ინგა ფხალაძემ ისაუბრა არსებულ რეალობაში მარეგულირებელი ორგანოების როლსა და ენერგეტიკის სექტორის დამოუკიდებელი და პროფესიონალური რეგულირების მნიშვნელობაზე.
„ნამდვილი ტრანსფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც ახალი სიმძლავრეები დაკავშირებულია ძლიერ ქსელთან, ინვესტიციები - პროგნოზირებად წესებთან, ბაზრის განვითარება - სამართლიან კონკურენციასთან, ხოლო ენერგეტიკული პოლიტიკა - მომხმარებლის ინტერესებთან, რაც დამოუკიდებელი და პროფესიონალური რეგულირების გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი თბილისში სემეკის ორგანიზებით იმართება - ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირების მონაწილეობით.