ჩვენ „სარტყელი და გზის ინიციატივას" განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად - მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას" და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში გამართულ „სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების პროგრესს და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
„მსურს ხაზი გავუსვა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს. 2018 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 2023 წელს დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის ივნისში ჩვენმა ურთიერთობებმა ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა. ეს მოვლენები მყარ საფუძველს ქმნის ღრმა ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა „სარტყელი და გზის ინიციატივაში" საქართველოს ადრეულ ჩართულობას და მისი მხარდაჭერის გაგრძელებას.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას" და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. ჩვენ აღნიშნულ ინიციატივას განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყნის ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი" ბუნებრივად ვრცელდება მის ენერგეტიკულ შემადგენელზეც.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826