ჩვენ უკვე განხორციელების ეტაპზე გადავდივართ - ლევან დავითაშვილი $6 მილიარდიან ინვესტიციაზე
რომ არა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის უშუალო მონდომება და გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ამ ფაზამდე ვერ მივიდოდა. ახლა ჩვენ უკვე განხორციელების ეტაპზე გადავდივართ, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე და ქვეყნისთვის 6-მილიარდიანი ინვესტიციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება ტექნიკურ დონეზე. ამას დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს საფუძვლად. რომ არა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის უშუალო მონდომება და გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ამ ფაზამდე ვერ მივიდოდა. ახლა ჩვენ უკვე განხორციელების ეტაპზე გადავდივართ. 2024 წლის განმავლობაში არაერთი რაუნდი გვქონდა ამ პროექტის განვითარების მიმართულებით, უშუალოდ პრემიერი იყო დაინტერესებული და უშუალო მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი გამოსულიყო“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი საუბრობს იმ წინსვლაზეც, რაც გასული ერთი წლის ქვეყანას ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართულებით აქვს. იგი აღნიშნავს აეროპორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობასაც.
„საუბარი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც გეგმაზომიერად მიმდინარეობს. სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს კვლევით სამუშაოებზე, პირველი სანავიგაციო კვლევები დავასრულეთ“, - დასძინა დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პროექტზე სხვადასხვა ფორმით ისინი უკვე წლებია მუშაობენ.
„საბოლოო მოდელი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ალბათ, ყველაზე უფრო შედეგიანია. ჩვენ ინტენსიურად დავიწყეთ საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ეს დაიწყო 2024 წლის სექტემბერში. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ დროის დაკარგვის გარეშე, 2028 წელს ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი უკვე ოპერირებადი იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826