ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება - მარიამ ქვრივიშვილი
„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული 4.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7.8 მილიონს გადააჭარბა.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას და შედეგები წლიდან წლამდე თვალსაჩინოა. ინდუსტრია ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, რაც საკმაოდ რთული მისაღწევია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მაღალია კონკურენცია. მოხარულები ვართ, რომ გასული წელი ამ მხრივ გამორჩეული და წარმატებული აღმოჩნდა.
მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტუმარმასპინძლობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის აქტიურ ხელშეწყობას. 2015 წლიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით სექტორში 1.4 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ამ პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 400-ზე მეტი განთავსების ობიექტი და კერძო სექტორთან პარტნიორობით უზრუნველყოფილ იქნა 8 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის გაჩენა", - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
„ჩვენ განვაგრძობთ ტურისტული პროდუქტების და ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მსურს ხაზი გავუსვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობას - უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მისი შემდგომი გაფართოების გეგმაც წარვუდგინოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დადებითი შედეგების მომტანი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის სექტორისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის. რაც თანხვედრაშია ჩვენს მთავარ ამოცანასთან, რომ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოში კრევეტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა
08.06.2026.19:00
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში გაყინული, ცივი წყლის კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოცულობის, ისე ღირებულების თვალსაზრისით. „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მოთხოვნა ამ მიმართულებით თითქმის გაორმაგდა, ხოლო მთავარ მიმწოდებლად უკრაინა გვევლინება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ შეიძინა 6.9 ტონა კრევეტი, რაშიც 26.6 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი იმპორტირებულ იქნა 3.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 15.7 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იმპორტი მოცულობის მიხედვით 97.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო თანხობრივ ნაწილში მატებამ 69.4% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე მოდის, საიდანაც ქვეყანამ 22.8 ათასი დოლარის ღირებულების 6.5 ტონა კრევეტი შეიძინა, რაც მთლიანი საიმპორტო მოცულობის 94.2%-ს შეადგენს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე და მესამე ადგილებს ბელგია და საფრანგეთი ინაწილებენ. ბელგიიდან შემოტანილია 2.3 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა პროდუქტი (მოცულობის 2.9%), ხოლო საფრანგეთიდან საქართველომ 1.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა კრევეტი იყიდა, რაც ბაზრის 2.9%-ია.
მიუხედავად წლის დასაწყისში დაფიქსირებული მზარდი დინამიკისა, გრძელვადიან ჭრილში კრევეტების იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. გასულ, 2025 წელს საქართველოში სულ 50.9 ტონა კრევეტის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 12-ჯერ ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის - 598.3 ტონა დელიკატესი შეიძინა.