ჩვენი ამოცანაა, მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით, როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას - თამარ იოსელიანი
„2026 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და ავიაციაში", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზრდა სისტემურია და მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას.
„მაგალითისათვის მოვიშველიებ ნავსადგურებს, სადაც გაზრდილია ყველა ძირითადი სახეობის ტვირთის გადამუშავება. ასევე უნდა ხაზი გაესვას რკინიგზაზე არსებულ ზრდას, სადაც გადაზიდვების ყველა რეჟიმში გაზრდილია ტვირთები, როგორც ტრანზიტში, იმპორტში, ექსპორტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში.
სწორედ ასეთი თანმიმდევრული და ზოგადად მრავალმხრივი ზრდა აჩვენებს იმას, რომ ეს შედეგი ერთჯერადი არ არის და ეფუძნება იმ ცვლილებებს და იმ რეფორმებს, რომელიც ზოგადად სატრანსპორტო სექტორში განხორციელდა, ასევე ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებს, ზოგადად ეფექტიან მართვას და ქვეყნის თანმიმდევრულ სატრანსპორტო პოლიტიკას", - აცხადებს თამარ იოსელიანი.
იმისათვის, რომ მზარდი სატრანზიტო ნაკადები ქვეყნის მდგრად განვითარებას მოემსახუროს, თამარ იოსელიანის თქმით, სისტემური მუშაობა აქტიურად გრძელდება.
„ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ აღნიშნული დინამიკა და მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და ზოგადად კონკურენტუნარიანობას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.