ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა ძალიან ჯანსაღია და თითოეული სექტორის მიმართულებით ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს - შოთა ბერეკაშვილი
ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყანაში სტაბილური ფონია - აცხადებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. შოთა ბერეკაშვილი Business Insider Georgia-სთან განმარტავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა ჯანსაღია და თითოეული სექტორების მიმართულებით ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს.
„როგორც მოგეხსენებათ სსფ-ს პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7,3%-ი იქნება. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 6%-დან და მინდა აღვნიშნო, რომ ამის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქვეყანაში სტაბილური ფონი. ეს არის სტაბილურობის და სიმშვიდის გამოძახილი, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7,3%-მდე გაიზარდა. მეორეს მხრივ, რეგიონი არის საინტერესო ინვესტიციებისთვის. არსებობს ეკონომიკური სექტორები, რომელსაც დიდი განვითარების შესაძლებლობები აქვს. აქ გამოვყოფდი, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს პოტენციური ჰაბი. როგორც იცით რამდენიმე დღის უკან გაიხსნა თბილისის მშრალი პორტი, სადაც ძალიან ცნობილი და საინტერესოდ აღიარებული ოპერატორი შემოვიდა აბუ დაბის პორტების ჯგუფის სახით. ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით. ამ სექტორში განვითარების დიდი შესაძლებლობები არსებობს. აღვნიშნავდი ასევე ტურიზმს, უძრავ ქონებას და დეველოპმენტს, ასევე IT ტექნოლოგიებს, საერთო ჯამში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა ძალიან ჯანსაღია და თითოეული სექტორების მიმართულებით ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს, რაც გახდება იმის საფუძველი, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ქვეყანა გააგრძელებს დინამიკურ ეკონომიკურ ზრდას და ის საარჩევნო დანაპირები, რომელიც არის, რომ ორნიშნა ციფრთან ახლოს შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდა და 2028 წელს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გავხადოთ 13500 დოლარი ეს არის შესაძლებელი მიზანი. ამისთვის ვიბრძვით და ამისკენ არის მიმართული ჩვენი ეკონომიკური საინვესტიციო პოლიტიკა“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826