ჩვენი ეკონომიკის წინა ხაზს ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მშენებლობა და დეველოპმენტი, ტურიზმი და IT წარმოადგენს, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს - შოთა ბერეკაშვილი
9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა, 7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდილი რეზერვები და შპ-სთან მიმართებით 35%-იანი საგარეო ვალის მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის წინა ხაზს ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მშენებლობა და დეველოპმენტი, ტურიზმი და IT წარმოადგენს, სადაც ხელოვნური ინტელექტის ელემენტების ინტეგრაცია პროდუქტიულობას კიდევ უფრო ზრდის.
„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა და არსებით პროგრესს მიაღწია. ბოლო ხუთი წლის განმავლობბაში რეალური ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3% შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხუთი წლის წინ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში 4 200 აშშ დოლარი იყო, 2025 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 10 200 აშშ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის პირველი კვარტალიც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა - რეალური ეკონომიკის ზრდამ 9.1% შეადგინა.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის? პირველ რიგში, ქვეყანაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ვითარდება ეკონომიკის წამყვანი მიმართულებები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რა წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკის წინა ხაზს. ესაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მშენებლობა და დეველოპმენტი, ტურიზმი და IT. განსაკუთრებით საინტერესოა ამ სექტორებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ელემენტების გამოყენება, რაც თითოეულ სფეროს უფრო ეფექტურსა და პროდუქტიულს ხდის. ხოლო ამ ყველაფრის საიმედო ზურგს ძლიერი ფინანსური და განათლების სისტემები წარმოადგენს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგარეო ვალის მაჩვენებელი აქვს - საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით 35%-ს შეადგენს. ამასთანავე, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საკმაოდ დაბალი - დაახლოებით 2.6%-ია მშპ-თან მიმართებით. ეს მაჩვენებლები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უფრო სტაბილურ საფუძველს ქმნის და გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს რეალური ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება. თუ ქვეყანა სწორი მიმართულებით, რეფორმებითა და გააზრებული ნაბიჯებით გააგრძელებს განვითარებას, შესაძლებელი იქნება უახლოეს წლებში მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში გადასვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალპროდუქტიული სექტორების განვითარება და სწორედ ამ სფეროებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, - აღნიშნა გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826