ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მოიაზრებს, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ბიზნესს, რათა შეძლოს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება - შოთა ბერეკაშვილი
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ბიზნესს და მაქსიმალურად ხელი შევიწყოთ, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება, რაც არის დოვლათის და სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების ნაწილში არსებობს გამოწვევები, რაზეც საჯარო და კერძო სექტორმა ერთად უნდა იმუშაოს.
„ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. ჩვენ მოვუსმინეთ ბიზნესს, მოვისმინეთ მათი შეხედულება მიმდინარე ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ გამოწვევებზე რაც ბიზნესს გააჩნია. ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ბიზნესი ქმნის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ბიზნესს და მაქსიმალურად ხელი შევიწყოთ, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება, რაც არის დოვლათის და სამუშაო ადგილების შექმნა.
ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა დასაქმების ნაწილში და ერთობ პარადოქსული სიტუაცია გაქვს ბაზარზე, რადგან ბიზნესის მხრიდან ათასობით ვაკანსია არსებობს დასაქმების მიმართულებით, თუმცა სამუშაო ბაზარზე არის გამოწვევები კვალიფიციური სპეციალისტების ნაწილში და მიგვაჩნია, რომ საჯარო და კერძო სექტორმა ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მოხდეს სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია ეკონომიკაში“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.
2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826