ჩვენი მიზანია, ბიზნესი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, სექტორი გაჯანსაღდეს. ყოველივე ეს აისახება სამომხმარებლო ფასების კლებაზე - შოთა ბერეკაშვილი
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასნამატი უაღრესად მაღალია. ეს მიუთითებს სექტორში სტრუქტურულ პრობლემაზე, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, კონკურენტუნარიანი ბიზნესი და სექტორის გაჯანსაღება სამომხმარებლო ფასების კლებაზე იმოქმედებს.
„ჩვენი მიზანია, რომ შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, მოვუსმინოთ მათ და მივეხმაროთ, რომ ბიზნესი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, სექტორი გაჯანსაღდეს, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციამდე, ბიზნეს კონკურენციის გაზრდამდე და ბაზრის გაჯანსაღებამდე. თავისთავად, ყოველივე ეს აისახება სამომხმარებლო ფასების კლებაზე“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პარალელურად, პარლამენტი მუშაობას იწყებს სურსათზე, მედიკამენტებისა და საწვავზე ფასების დაკლებაზე. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც 14 დეპუტატით დაკომპლექტდა. კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826