ჩვენი მიზანია, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, შევძლოთ და შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ოთხწლიანი მაჩვენებლების მიხედვით, 2021-24 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9. 7 პროცენტს უტოლდება და ამ მონაცემებით საქართველო გლობალურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მისივე თქმით, უკვე დაზუსტებულია 2024 წლის ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელიც, რომელიც 9.4 პროცენტს შეადგენს.
„გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, მშენებლობის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 92 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 25 000 ლარს მიაღწია" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობას (15.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (9.9%), დამამუშავებელ მრეწველობას (9.3%), მშენებლობას (8.4%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4%), სოფლის მეურნეობის (6.2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (5.9%) და განათლების (5.7%) სექტორებს ეჭირა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025-29 წლებში საქართველო იქნება ლიდერი გლობალურად ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, აქტიურად გრძელდება სტრუქტურული რეფორმები და ჩვენი მიზანია, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, შევძლოთ და შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826