ჩვენი მიზანია, კომერციულად მომგებიანი პროექტების განხორციელებით, ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს - ბესიკ ბუგიანიშვილი
„საქართველოს განვითარების ფონდმა“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პროფილური მედია საშუალებების წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები დაესწრნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კაკულიამ გახსნა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა წარადგინა. ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ ისაუბრა, ხოლო ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ დამსწრეებს დამწყები ბიზნესების ფინანსური მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობები გააცნო.
„მივიჩნევ, რომ ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება, ვინაიდან ფონდის ახალ მენეჯმენტს შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორიისთვის ფონდის ახალი სტრატეგიული ხედვისა და საინვესტიციო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. პრეზენტაციის ფარგლებში, ვისაუბრეთ, რეფორმის, კერძოდ, საკანონმდებლო, სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ. ხაზი გავუსვით, რომ ყველა სტრატეგიული აქტივი, რომელიც ფონდის შემადგენლობაში იყო, დაუბრუნდა სახელმწიფოს. შესაბამისად, ფონდი სახელმწიფო ქონებას აღარ მართავს და დღეს იგი უკვე ეფექტიანი, პროაქტიური სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტია. ჩვენი მიზანია, კომერციულად მომგებიანი პროექტების განხორციელებით, ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს. ფონდის მთავარ ამოცანებს დღეს წარმოადგენს ეკონომიკის დივერსიფიცირების ხელშეწყობა, ტრადიციულ დარგებზე მისი დამოკიდებულების შემცირება, ასევე, პრიორიტეტულ სექტორებში ადგილობრივი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკებში. ამასთანავე, ჩვენი გეგმები მოიცავს კონკურენტუნარიანი ინდუსტრიული ბიზნეს კლასტერების შექმნას საქართველოს რეგიონებში. რაც შეეხება, ჩვენთვის პრიორიტეტულ საინვესტიციო სექტორებს, უმნიშვნელოვანესია ეკომეგობრული და მაღალტექნოლოგიური წარმოება, განახლებადი ენერგიები, სტარტაპები და ინოვაციური წარმოება, სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და საქართველოს იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ფოკუსირებული წარმოება, რაც საერთო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა.
პრეზენტაციის შემდეგ ფონდის მენეჯმენტმა მოწვეული სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826