ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად - ვახტანგ ცინცაძე
ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში მიმდინარე აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.
შუა დერეფნის შესაძლებლობებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ შუა დერეფნის სრული პოტენციალის რეალიზება მხოლოდ კოორდინირებული და ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
„სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, ვაჭრობის ხელშეწყობის გაუმჯობესება, ციფრული დაკავშირებადობის განვითარება და ინფრასტრუქტურისა და სერვისების ჰარმონიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება დერეფნის უფრო ეფექტიან, კონკურენტუნარიან და მდგრად სისტემად ჩამოსაყალიბებლად.
ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციასთან ერთად, ამ ძალისხმევას შეუძლია წვლილი შეიტანოს უფრო უსაფრთხო და საიმედო ღირებულებათა ჯაჭვების შექმნასა და ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთის, ევროპისა და ჩინეთის ბაზრებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაში. შესაბამისად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ სატრანზიტო მოცულობების გაზრდა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მზარდი დაკავშირებადობა გარდაიქმნას მეტ ინვესტიციად, ხელი შეუწყოს პროდუქტიულობისა და დამატებული ღირებულების ზრდას და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მთელ რეგიონში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პანელურ დისკუსიაში ვახტანგ ცინცაძესთან ერთად მონაწილეობდნენ თურქმენეთის, ყაზახეთის, გერმანიის, ჩინეთის მთავრობების წარმომადგენლები, ასევე Kibar Holding-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ხელმძღვანელი პირები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826