ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა უზრუნველვყოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა - ვახტანგ ცინცაძე
„2026 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად შრომის ბაზრის კუთხით პოზიტიური დინამიკა გრძელდება", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
მისი თქმით, აპრილ-ივნისში საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.8 პროცენტი შეადგინა.
„2026 წლის მეორე კვარტალში გრძელდება უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია. კერძოდ, 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე და 13.8 პროცენტს შეადგენს. თუ შევხედავთ რეალურ დასაქმებას (რაც უშუალოდ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება) და გამოვრიცხავთ სოციალური დასაქმების პროგრამით დასაქმებულთა რაოდენობას, 2026 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 27,000-ზე მეტად არის გაზრდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, კერძოდ ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა დავაჩქაროთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად უზრუნველვყოთ მოსახლეობის და დასაქმებულების შემოსავლების ზრდა", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.