ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე - დავით სონღულაშვილი
„ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე, რათა საქართველო იყოს ღირსეული და სანდო პარტნიორი სხვადასხვა ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში. მიზნის მისაღწევად კი, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, ქვეყნის რესურსებისა და პოტენციალის სრული გამოყენება. საქართველო ჩამოყალიბდება როგორც ეკონომიკურად ძლიერი, ინფრასტრუქტურულად განვითარებული ევროპული სახელმწიფო, რომელიც გააერთიანებს და გამოიყენებს არსებულ პოტენციალს, ყველა შესაძლებლობას და საერთაშორისო ურთიერთობებს, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტსა, იმ ოლქს (გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები), რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც იყო და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, პარლამენტის განსაკუთრებული მხარდაჭერის და ჩემი მხრიდანაც, ჩვენი სამინისტროს მხრიდანაც თავისთავად ცხადია, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობა გვექნება როგორც კერძო სექტორთან, ასევე თითოეულ შესაბამის კომიტეტთან, რომლის საკითხებზეც გვექნება აქტიურად სამუშაო. წარმატებები თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826