ჩვენი მიზანია, საქართველოში პროდუქტზე მაღალი ფასნამატის საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ - ვახტანგ ცინცაძე
საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ცალკეულ პროდუქტებზე კი დღგ-ს გამორიცხვით ორჯერ და უფრო მეტად იზრდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოში პროდუქტზე მაღალ ფასნამატსა და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე გაცილებით უფრო მაღალია, კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია.
ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებში ფასთაშორის მაღალ სხვაობაზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეც. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20%-დან 180%-მდე უფრო მაღალია ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც ის სახელშეკრულებო პირობები განაპირობებს, რომელსაც ქსელური მარკეტები მათ უწესებენ.
„აღნიშნული გამოწვევა არახალია და მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება, მსგავსი ტიპის გამოწვევები არსებობდა მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც და მას სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ადეკვატური მექანიზმებით უპასუხეს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826