ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს - თამარ იოსელიანი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა.
სესიაში სახელწოდებით: „საზღვაო გზებიდან ინტეგრირებულ სატრანსპორტო დერეფნებამდე" სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ როლსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაგეგმილ მასშტაბურ ინვესტიციებზე.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ისტორიულად ყოველთვის ასრულებდა ცივილიზაციების, კულტურებისა და ბაზრების დამაკავშირებელი ხიდის როლს. დღეს ჩვენ ამ გეოგრაფიულ უპირატესობას გარდავქმნით თანამედროვე, საიმედო და მაღალკონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რეგიონულ თანამშრომლობასა და გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, 2032 წლისთვის საქართველო დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციაში, რაც მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო და ციფრული მიმართულებების განვითარებას.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომლის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს, 2029 წლისთვის კი, როდესაც პორტის განვითარების პირველი ფაზა დასრულდება, მისი გამტარუნარიანობა მინიმუმ 600,000 TEU იქნება და ქვეყანას Panamax-ის კლასის დიდი გემების მიღების შესაძლებლობა ექნება.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რომლის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.
თურქეთის საზღვაო სამიტში ასევე მონაწილეობა მიიღო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826