ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს 2024 წელს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია - ლევან დავითაშვილი
„წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით გვექნება წლევანდელი წელიც - პირველი ათი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა 10 პროცენტიანი ზრდა, უახლოეს ხანში გვექნება ნოემბრის და შემდეგ დეკემბრის მონაცემებიც, თუმცა, ეს სურათს ვერ შეცვლის და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს 2024 წელს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც არა ნომინალური, არამედ რეალური მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მოახერხა ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით არის გამოხატული.
„მომავალი წლის ეკონომიკა კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი - ასე ვგეგმავთ ხოლმე ყოველ წელს, რადგან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორია, რომლებიც შეიძლება რეალიზდეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით. აქედან გამომდინარე, მაკროეკონომიკური პარამეტრები ყოველთვის უფრო კონსერვატიულად იგეგმება. მათ შორის, 2025 წელსაც ეკონომიკურ ზრდას 6 პროცენტს ვფიქრობთ, დაახლოებით, 5.5 პროცენტზეა დაგეგმილი, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მაჩვენებელს მივაღწევთ" - აღნიშნა დავითაშვილმა.
კითხვაზე, თუ რა ვითარებაა ტურიზმის სექტორში და რა მოლოდინები აქვს ხელისუფლებას, ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ბოლო თვეებში თბილისის გარკვეულ უბნებში არსებული დემონსტრაციების გამო კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებზე ნეგატიურად აისახა პროცესები, თუმცა, მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა.
„ახლაც ვაკეთებთ კვლევას და მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა, მათ შორის, საკმაოდ მაღალია ბათუმში, თუ გასული წლის შესაბამის თვეებთან შევადარებთ. ასევე მაღალია აქტივობა მთის კურორტებზეც - ჯავშნები მაღალ პროცენტზეა. ვთვლით, რომ 2025 წელსაც ტურისტული სექტორი შეინარჩუნებს ზრდას და იმ საპროგნოზო მაჩვენებლებს, რომლებიც, მათ შორის, ტურიზმის კუთხით გვქონდა, მომავალ წელსაც შევასრულებთ - შეიძლება გარკვეულ თვეებში იყოს გარკვეული მერყეობა, მაგრამ წლიურ ჭრილში დაგეგმილ მაჩვენებლებს აუცილებლად მივაღწევთ" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826