ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს - თამარ იოსელიანი
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატრანსპორტო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას. ამ მიმართულებით ქვეყანა ავითარებს საზღვაო „ერთი ფანჯრის" სისტემას (Maritime Single Window), ახორციელებს სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფრულებას და მუშაობს საზღვრებს შორის მონაცემთა გაცვლის გაუმჯობესებაზე.
„ამ მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები - მცირდება სატრანზიტო დრო და პროცედურების ხანგრძლივობა, იზრდება სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობა და უმჯობესდება ბაზრებზე წვდომა. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურაში მიმდინარე ინვესტიციებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეს პროგრესი მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები მოიტანოს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში მინისტრთა და სამუშაო დონეზე კოორდინაციის მექანიზმების შექმნა თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო და ეფექტიან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) ახალ სეზონზე მგზავრთა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მომსახურების მიმართულებით არაერთ სიახლეს ნერგავს - დეტალები
24.09.2026.10:00
15 სექტემბრიდან ბაქოს რკინიგზის სადგურზე მგზავრთა ნაკადის უფრო მოქნილი მართვის მიზნით ახალი დარბაზი ამოქმედდება. აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით ხელს შეუწყობს პიკის საათებში მგზავრთა უფრო შეუფერხებელ გადაადგილებას.
15 სექტემბრიდან უფრო კომფორტული და ეფექტიანი მგზავრობის უზრუნველსაყოფად ხირდალანი–ბაქოს მიმართულებაზე მატარებლით მგზავრობის დრო შემცირდება. ახალი განრიგის ამოქმედების შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა 35 წუთამდე შემცირდება.
ამჟამად, ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, ხირდალანი–ბილაჯარის მონაკვეთზე სარკინიგზო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ მიმართულებით მგზავრობის დრო 45 წუთს შეადგენს. დაგეგმილი ცვლილება მგზავრებს დროის დაზოგვისა და მგზავრობის უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს. ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ მონაკვეთზე დასაშვები სიჩქარე კიდევ უფრო გაიზრდება და ბაქო–ხირდალანის მიმართულებით მგზავრობის დრო, როგორც ადრე, 26 წუთამდე შემცირდება. ამასთან, ხირდალანი–სუმგაითის მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობაც აღდგება.
ახალი განრიგის მიხედვით, ბაქო–ხირდალანი–ბაქოს მიმართულებაზე რეისების რაოდენობა 26-დან 32-მდე გაიზარდა. ხირდალანის მიმართულებით მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით, დილის საათებში ორი დამატებითი რეისი დაემატა. ამასთან, ბაქო–ხირდალანის მიმართულებაზე ახალი, 20:30 საათზე გასასვლელი საღამოს რეისი დაინიშნა. ჯამში, საგარეუბნო მატარებლების ყოველდღიური რეისების რაოდენობა 90-დან 96-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესების მიზნით, უკონტაქტო გადახდის შესაძლებლობებიც გაფართოვდა. Visa-ს ბარათებთან ერთად, მგზავრებს ახლა Mastercard-ის ბარათებითაც შეუძლიათ საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდა.
ელექტრონული გადახდის შესაძლებლობების გასაფართოებლად დამატებით 58 ვალიდატორი დამონტაჟდა ბაქოსა და საბუნჩუს სადგურების, ასევე პირიშაგის, ხირდალანის, ქოროღლუს, ბაქიხანოვის, მამადლისა და დარნაგულის სადგურებსა და გაჩერებებზე არსებულ ტურნიკეტებთან. მათი საშუალებით მგზავრებს სადგურზე შესვლა საბანკო ბარათებითაც შეუძლიათ. სიახლე ალტერნატიული გადახდის მეთოდების უფრო ფართოდ გამოყენებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს სარკინიგზო ტრანსპორტში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მგზავრთა კომფორტის ზრდასა და თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენების გაფართოებას.