ჩვენი მთავარი საზრუნავია, ყველა პრიორიტეტულ სექტორში ინვესტიციების ზრდა და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ფაქტობრივად, ყველა სექტორში ოპერირებად ბიზნესებთან. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყანაში ყველა პრიორიტეტულ სექტორში შიდა და საერთაშორისო ინვესტიციების ზრდა და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აღნიშნა, რომ ყოველივე ამან საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების ზრდისთვის პირობები უნდა შექმნას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღად ვითარდება და აქვს როგორც რეგიონში, ისევე ევროპის წევრ ქვეყნებში მოწინავე ეკონომიკური ზრდა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2022 – 2024 წლებში საქართველოს ეკონომიკა 9.8 პროცენტით გაიზარდა, ასევე წარმატებულია მიმდინარე წელიც - იანვარი - ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ 7.6 პროცენტი შეადგინა.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი, ძირეული სექტორები ჯანსაღად, დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებიან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ენერგეტიკას და სტუმართმასპინძლობის სექტორს. საექსპორტო პოტენციალი იზრდება წლიდან წლამდე, ასევე ზრდადია ინვესტიციების მოცულობა. იმ უკუკავშირიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლებიდან ვიღებთ, უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, სწორად და ჯანსაღად იქნას გამოყენებული ეკონომიკის თითოეული დარგის განვითარებისთვის," - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826