ჩვენი პროგნოზით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2027 წლის ბოლომდე სტაბილურობას შეინარჩუნებს - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია არსებული ტენდენციები, პროგნოზები და სამომავლო პერსპექტივები.
,,საქართველო კვლავ რჩება რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 7.2%-ით, ხოლო 2027 წელს 5.7%-ით გაიზრდება.
ფონდის შეფასებით, 2028–2031 წლებში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდა 5.0%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება პროგნოზების ნაწილს, Galt & Taggart-ის კონტექსტში შემდეგია: საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი - 7.5%-ს 2026 წლისთვის და 6.0%-ს 2027 წლისთვის.
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2027 წლის ბოლომდე სტაბილურობას შეინარჩუნებს.
2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - პავილიონები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ტინგ სიუესიანგთან ერთად დაათვალიერა
05.11.2026.13:06
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ტინგ სიუესიანგმა გახსნა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გამოფენის ფარგლებში გახსნილი პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა.
გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონით არის წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პროდუქცია, მათ შორის, ღვინო, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ლიმონათი, ტყავის ნაწარმი და ტანსაცმელი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნონ. გამოფენა ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უწყობს ხელს.
ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის, წელს პირველად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომელიც ქართული და ჩინური კომპანიების შეხვედრებს დაეთმობა. აღნიშნული ღონისძიება ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, დაამყარონ პირდაპირი საქმიანი კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდას.
გამოფენაში საქართველო უკვე მეცხრედ მონაწილეობს. წელს პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას ეფუძნება. მათ გაფორმებაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები გამოიყენეს. პავილიონის სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას.
ეროვნულ პავილიონში გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან.
ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის, ავსტრიის კანცლერი, გაბონის პრეზიდენტი, სლოვაკეთისა და კუბის ვიცე-პრემიერები.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს. 440 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ პავილიონებში წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქტები, უახლესი ტექნოლოგიები, სამრეწველო დანადგარები, ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია და სხვადასხვა სახის მომსახურება.