ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საყრდენი ენერგეტიკაა - მაია მელიქიძე
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საყრდენი ენერგეტიკაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.
„ნამდვილად უმნიშვნელოვანესი თემაა, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საყრდენი სწორედ ენერგეტიკაა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატისტიკის მაქსიმალურად გამოყენება და შემდეგ უკვე პროგნოზების განხორციელება.
ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში გარკვეულწილად გამოწვევების წინაშე ვდგავართ და, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ეს ენერგეტიკის იმპორტს უკავშირდება. თუმცა, არის პერიოდები, როდესაც ექსპორტის შესაძლებლობაც გვაქვს. აქ უბრალოდ კითხვა ისმის: რამდენად მისაღებია კერძო სექტორისთვის ის ფასი, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები ექსპორტთან მიმართებით გვთავაზობენ.
ასევე მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომლებიც დღეს უკვე გვაქვს. თქვენ სწორად აღნიშნეთ ის დიალოგი, რომელიც ჩამოყალიბდა და უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენს ასოციაციაში კერძო სექტორის დაახლოებით 60 წარმომადგენელია გაერთიანებული და ეს მაჩვენებელი, შემიძლია გითხრათ, თვიდან თვემდე იზრდება. ეს საინტერესო პლატფორმაა და სექტორის წარმომადგენლებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, პირდაპირ ესაუბრონ დარგის პოლიტიკის შემქმნელებს. შესაბამისად, ერთად ჩამოვყალიბდეთ იმ გრძელვადიან და მოკლევადიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, ენერგეტიკის სექტორის განვითარებას წაადგება.
თქვენ ასევე აღნიშნეთ და ხაზი გაუსვით გარკვეულ კვლევებს, რომლებიც არსებობს. რეალურად, ჩვენ ორ მიმართულებას ვუყურებთ: რა არის უკვე გაკეთებული და რისი გაკეთება იგეგმება.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რაზეც უკვე მივიღეთ პასუხები. ჩვენ ვითხოვდით, რომ მემორანდუმებზე ხელმოწერის პროცესი დაწყებულიყო. სამინისტრომ საკმაოდ მტკივნეული პროცესი გაიარა, ვინაიდან უამრავი პროექტი იყო შესული. შესაბამისად, იმ პროექტებს, რომლებსაც გადამცემ და სადისტრიბუციო ქსელებთან მიერთების უფლება ჰქონდათ, მემორანდუმები უკვე უპრობლემოდ ეძლევათ. ვგულისხმობ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ მემორანდუმებს, რომლებსაც ქალბატონი მინისტრი აწერს ხელს.
თითქმის ყოველდღე ჩვენი წევრები იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მემორანდუმებზე ხელმოწერის პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ამ პროცესს სერიოზული გაფილტვრა დასჭირდა - მასში ჩართული იყო არა მხოლოდ ენერგეტიკის დეპარტამენტი, რომელიც ამ საკითხებს კურირებს, არამედ იურიდიული დეპარტამენტიც, ვინაიდან საქმე სამართლებრივ ჩარჩოსაც ეხება.
აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ განსაკუთრებით მზის ენერგეტიკის მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება. გვაქვს მცირე, საშუალო და მსხვილი პროექტებიც, მათ შორის გვყავს საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც წლიდან წლამდე ძალიან დიდი ინტერესით არიან ჩართულნი.
ამასთანავე, იზრდება დაკრედიტების მაჩვენებელიც. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ძალიან ამაყები ვართ, ვინაიდან ის ინვესტიციები, რომელთა შემოსვლაც უცხოეთიდან გარკვეულწილად შეფერხდა, შიდა რესურსების გამოყენებით იქნა ათვისებული.
რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი გამოწვევა აქვს, მათ შორის კალკულაციასთან დაკავშირებით. თქვენ Galt & Taggart ახსენეთ. საქართველოს ბანკის ჩართულობა ამ მიმართულებით საკმაოდ სწრაფად იზრდება. მწვანე პორტფელი იზრდება როგორც საქართველოს ბანკში, ისე თიბისი ბანკსა და პროკრედიტ ბანკში - ანუ იმ ბანკებში, რომლებიც ბაზარზე აქტიურად არიან წარმოდგენილნი და ენერგეტიკის განვითარებას მხარს უჭერენ“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების ინტერესი იზრდება | GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი
15.10.2026.11:10
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების ინტერესი იზრდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან მალე გვექნება და თქვენი ეთერის საშუალებითაც დავაანონსებ საქართველოს ენერგეტიკის ფორუმსა და გამოფენას 2026, რომელიც 26 და 27 ნოემბერს გაიმართება. ვეპატიჟები აბსოლუტურად ყველა ენერგეტიკით დაინტერესებულ პირს.
რეალურად, ჩვენ ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია განვიცადეთ. უკვე მესამე წელია, რაც ამ ფორუმს ვატარებთ და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მის მიმართ არსებული ინტერესისა. აქამდე ყოველთვის წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი ინვესტორები ან ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, ახლა კი უკვე აშკარად გაჩნდა ინტერესი ევროპელების, მათ შორის, ამერიკელების მხრიდანაც.
ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩამოდიან, რათა კარგად შეისწავლონ ეს სექტორი. ამას არც უარყოფენ ჩემთან კომუნიკაციაში, ვინაიდან ინტერესი აქვთ, ხედავენ პოტენციალს და სურთ, ინვესტიცია განახორციელონ. რა თქმა უნდა, პირველი ეტაპი ბაზრის შესწავლაა.
ამიტომ, თქვენს კითხვას პირდაპირ რომ ვუპასუხო, ამის პირდაპირი მტკიცებულება ის არის, რომ პირველ წელს 300 დელეგატი გვყავდა, ვგულისხმობ დამსწრეებს, არადა, დაახლოებით 250-ზე გვქონდა გათვლა. შემდეგ წელს 500-ზე მეტი დელეგატი გვყავდა, ახლა კი დაახლოებით 600-700 დელეგატს ველოდებით.
ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად მაღალია ინტერესი არამხოლოდ ჩვენი მეზობლების, არამედ უკვე ევროპელების და, რამდენად გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, შორეული ამერიკელი ინვესტორების მხრიდანაც“, - აცხადებს მაია მელიქიძე.