ჩვენი საბოლოო მიზანია ადეკვატური სერვისებისა და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ბიზნესისთვის - ლევან ჟორჟოლიანი
ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა წყლის დანაკარგების შემცირების მნიშვნელობას და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წყლის რესურსების სწორად მართვისთვის შესაბამისი უწყებების მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება წყალმომარაგებაში როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ოპერატორის მხრიდან თბილისში, მცხეთასა და რუსთავში. სახელმწიფო აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას რეგიონებში საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების მიმართულებით. ჩვენი საბოლოო მიზანია ადეკვატური სერვისებისა და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ბიზნესისთვის“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
ფორუმში, რომელსაც „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მოდერატორობდა, ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე
10.08.2026.20:50
„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.