ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა" ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს - თამარ იოსელიანი ლონდონში გამართულ ინფრასტრუქტურის დაფინანსების ფორუმზე
მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2040 წლისთვის „შუა დერეფნის" გასწვრივ ტვირთბრუნვა, 2023 წელთან შედარებით, შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო ტრანზიტის დრო ორი მესამედით შემცირდეს. საქართველოში სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა უკვე თვალსაჩინოა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს - ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
თამარ იოსელიანმა „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გრძელვადიანი ეკონომიკური ღირებულება მდგომარეობს ახალი ინვესტიციების მოზიდვაში, ინდუსტრიების განვითარებაში, დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესისთვის ახალ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობების გაფართოებაში.
„ჩვენი პოლიტიკა მოთხოვნის ზრდის წინმსწრებად ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებას ეფუძნება, 2032 წლისთვის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით შვიდი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელიც, მისი შეფასებით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის შუა დერეფნის მარშრუტის კონტექსტში.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ ინდუსტრიის მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების ინტერესს უკვე ვხედავთ. ჩვენი ამბიციაა, მის ირგვლივ ახალი ინდუსტრიული და ლოგისტიკური ჰაბი შევქმნათ. საქართველო მოთხოვნის ზრდის წინმსწრებად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს და ამ პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა და ღია ვართ გრძელვადიანი კომერციული პარტნიორობისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო „შუა დერეფნის" განვითარების საკითხებზე რეგიონულ პარტნიორებთან მუდმივ დიალოგს აწარმოებს როგორც სამთავრობო დონეზე, ისე კერძო ოპერატორებთან. რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად მინისტრის მოადგილემ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დაასახელა, რომლის მოდერნიზაციის შედეგად წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა ერთი მილიონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზარდა.
„ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა" ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს. ამ მიმართულებით უკვე ვდგამთ კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, შექმნილია ერთობლივი მულტიმოდალური სატრანსპორტო სერვისები და ვმუშაობთ ერთიანი სატარიფო მიდგომების დანერგვაზე, სარკინიგზო და საზღვაო ოპერაციების სინქრონიზაციაზე, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და ურთიერთთავსებადი ციფრული სისტემების დანერგვაზე", – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ აუდიტორიის შეკითხვებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ უპასუხა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826